რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე

© Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2024
გამოწერა
ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის ჯილდოს სახით დამატებით 30 მლნ ლარს მიიღებს
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები, რომელმაც ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში F ჯგუფის ლიდერი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, უეფასგან დამატებით ბონუსს მიიღებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამ დროის ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებმა 12,25 მლნ ევრო გამოიმუშავა. აქედან:
9,25 მლნ ევრო - ჩემპიონატზე გასვლისთვის განკუთვნილი თანხა
500 ათასი ევრო - ჩეხეთთან მატჩის ფრე ანგარიშით დასრულებისთვის
1 მლნ ევრო - პორტუგალიასთან მოგებისთვის
1,5 მლნ ევრო– მერვედფინალში გასვლისთვის.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრები, გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს. ამასთან, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის ჯილდოს სახით დამატებით 30 მლნ ლარს მიიღებს
მანამდე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პრემია გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, კიდევ უფრო მეტი თანხა გამოიმუშაოს, რადგან მეოთხედფინალში გასვლისთვის ბონუსი 2,5 მლნ ევროა.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 331 მილიონი ევროა, თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:
9,25 მლნ ევრო – მონაწილეობისთვის
1 მლნ ევრო – მოგებისთვის
500 ათასი ევრო – ფრისთვის
1,5 მლნ ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის
2,5 მლნ ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის
4 მლნ ევრო – ნახევარფინალში გასვლისთვის
5 მლნ ევრო – მეორე ადგილისთვის
8 მლნ ევრო – ჩემპიონობისთვის.
მაქსიმალური თანხა, რომელიც ევროპის ჩემპიონს შეუძლია მიიღოს, 28,25 მილიონი ევროა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან კი ფრე ანგარიშით (1:1) დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლები ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
პორტუგალიასთან მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0