„არგუმენტები არ აქვთ": კალაძე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კრიტიკაზე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2024
გამოწერა
თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია აკეთებენ კეთილ საქმეს და არ გეგმავენ არეულობის, რევოლუციების მოწყობას ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, მათ დეკლარაციის შევსების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის არ წარმოუდგენიათ არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პრობლემური, მისი თქმით, მეგობრები ასე არ იქცევიან.
გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან, განსაკუთრებით კი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშრებით. მათი აზრით, „ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში“, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდეს.
„მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ რაიმე არასწორს ვაკეთებ, მომცე მითითება არგუმენტებით, რატომაა არასწორი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როცა არანაირ ახსნა-განმარტებას მაძლევ თუ რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭვირვალობას ეხება, ეს მიუღებელია. ჩვენ განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ, არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია აკეთებენ კეთილ საქმეს და არ გეგმავენ არეულობის, რევოლუციების მოწყობას ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, მათ დეკლარაციის შევსების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0