პრემიერი: დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობა გეგმავს პარლამენტს მომავალ სესიაზე „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტი წარადგინოს.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართევლოს ხელისუფლების ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, მათ შორის, ახალგაზრდების მიერ დაგროვილი კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებაა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში" სიტყვით გამოვიდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართული დიასპორის გასაძლიერებლად სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
„ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედ იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი“, -განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყანა და უერთდება გაეროს და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, შეიმუშაონ ერთიანი მიდგომა და ხედვა გლობალური დიასპორული პოლიტიკის გასატარებლად, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნან დიასპორის გაძლიერებისა და ჩართულობის ახალი მექანიზმები, უზრუნველყონ საერთაშორისო სტანდარტის ხელშემწყობი პირობები და ამავე დროს, დიასპორის სოციალური რესურსი ქვეყნის განვითარებისკენ მიმართონ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პარლამენტს მომავალ სესიაზე წარუდგენს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტს.
„ჩვენი ამოცანაა, თანამედროვე ცვალებად გარემოში, უპრეცედენტო გამოწვევებისა და ასევე შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველა პირობა შევქმნათ, რათა ჩვენმა დიასპორამ ქვეყნის განვითარების პროცესში შეუფერხებელი მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.
კანონპროექტი, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრთან და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური ინსტიტუტის - მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევით გუნდთან თანამშრომლობით მზადდება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს., დასძინა პრემიერმა.
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ჩვენი ზრუნვაც განუხრელად გაძლიერდება. მინდა დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს ვუსურვო მშვიდობა, ბედნიერება, წარმატებები და, რაც მთავარია, ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო, ქართული დიასპორის თითოეული წარმომადგენელი საბოლოოდ საკუთარ სამშობლოს დაბრუნებოდეს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“. 27-28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით იმართება.
ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს გამოავლენენ. ამ პროგრამების ფარგლებში ჯამში 278 დიასპორის წევრს გადაეცა გრანტი სხვადასხვა პროექტებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0