გამოცდები-2024: საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნება

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2024
გამოწერა
ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, სადაც 3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება, დამატებითი ავტობუსები დაინიშნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით და განსაზღვრულ მარშრუტებზე ავტობუსები მოქალაქეებს 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან.
„იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები“, – განაცხადა კალაძემ.
დროებითი მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება მერიის ვებგვერდზე.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
გამოცდის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. 20 ივნისის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იგი საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდოს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანია: ერთი გამოცდის საფასური 10 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0