სასკოლო ტრანსპორტი „ბასლაინზე" იმოძრავებს: საპილოტე პროექტის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

© Sputnik / Viktor Kaminskyე.წ. ბასლაინი
ე.წ. ბასლაინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2024
გამოწერა
სასკოლო ტრანსპორტი დედაქალაქში არსებულ ე.წ. ბასლაინზე მოძრაობას გარკვეული პირობების დაცვით შეძლებს.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს – M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, გარკვეული პირობებით, მიეცათ საავტობუსო ზოლში გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში, 2024 წლის 1-ელ იანვრიდან 1-ელ ივლისამდე მოქმედებდა.
მერის თქმით, საპილოტე პროექტში მხოლოდ სამი სკოლა ჩაერთო, რაც მიღებული შედეგების გასაანალიზებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.
„ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აღნიშნული შესაძლებლობით მხოლოდ თბილისის სამმა სკოლამ ისარგებლა, რაც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ, რა გავლენას იქონიებს პროექტის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადა კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გავახანგრძლივოთ“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის სკოლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მათ პროგრამის პირობები შეახსენა.
„ბასლაინზე" გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ მას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები.
„აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში", - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება.
იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია - მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან კი A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში კი 2023 წლის 1-ლი აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
ყველა ახალი ამბავი
0