ბილეთის ღირებულების ანაზღაურება, კომპენსაცია - რა იცვლება სარკინიგზო კოდექსში

© courtesy of Georgian Railwayთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2024
გამოწერა
ცვლილებები 2026 წლი 1 იანვრიდან შევა ძალაში.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს რკინიგზის მგზავრებს მატარებლის არანაკლებ ერთი საათით დაგვიანების შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდებათ, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შედის.
ცვლილებების მიხედვით, თუ მატარებელი ბილეთზე მითითებული გამგზავრებისა და ჩასვლის დროიდან ერთიდან ორ საათამდე დაიგვიანებს, მგზავრი კომპენსაციის სახით ბილეთის ღირებულების 25%-ს მიიღებს, ხოლო თუ დაგვიანება ორ საათზე მეტია, კომპენსაციის ოდენობა იქნება 50%.
თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია ბილეთში მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა ერთი საათით ან მეტი დაგვიანებით, ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მგზავრს შემდეგი ვარიანტები, საიდანაც მგზავრი აირჩევს ერთ-ერთს:
ბილეთის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მგზავრობის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა;
საჭიროების შემთხვევაში მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნას გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე;
მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე ან მგზავრისთვის მოსახერხებელ დროს;
რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, მისი გადახდა უნდა მოხდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
ცვლილებების თანახმად, მგზავრი ვერ მიიღებს კომპენსაციას თუ ის ინფორმირებულია მატარებლის დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე.
კომპენსაცია არ გაიცემა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, რომელიც რკინიგზის მუშაობასთან არ არის დაკავშირებული - როგორიცაა მეტეოროლოგიური პირობები, სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და ა.შ. კომპენსაციის გაცემა ასევე არ მოხდება, თუ დაგვიანება მოხდა მგზავრის ბრალეულობით ან მესამე პირის ქმედებებით.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები 2026 წლი 1 იანვრიდან შევა ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0