რონალდუ: საქართველოს ნაკრებს შეუძლია ჩემპიონი გახდეს

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2024
გამოწერა
საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც შეუძლია გახდეს ევროპის ჩემპიონი, განაცხადა პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ.
შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის 94-ე წამზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მეორე ტაიმში კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაადგინა. ახლა ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველო 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება. თამაში 23:00 საათზე დაიწყება.
„შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვითამაშეთ გუნდთან, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი", - განაცხადა რონალდუმ.
გარდა ამისა, პორტუგალიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელმა, 39 წლის რონალდუმ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის და დიეგო კოშტას კარში გოლის გამტანის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ოცნება აასრულა და მას მაისური გაუცვალა.
„ბედნიერები ვართ, რონალდუს მაისური მაქვს და შემდეგ ეტაპზე გავედით", - განაცხადა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან ანგარიშით 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრე (1:1) ითამაშა. მეტოქეების კარში ორივე გოლი ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები:
საქართველო - ესპანეთი
გერმანია - დანია
პორტუგალია - სლოვენია
საფრანგეთი - ბელგია
რუმინეთი - ნიდერლანდები
ავსტრია - თურქეთი
ინგლისი - სლოვაკეთი
შვეიცარია - იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0