საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების ახალი წესი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

© Сourtesy of Georgian Governmentმეზღვაურები
მეზღვაურები - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2024
გამოწერა
საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, განაცხადა დავითაშვილმა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. განახლებული კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც არეგულირებს მეზღვაურთა დასაქმების საკითხებს, მათ შორის ხელფასებსა და სამუშაო განრიგს, საქართველოში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.
თუმცა, კანონი არ შეეხება გემებს, რომლებიც დაცურავენ შიდა წყლებში, საპორტო სისტემის მოქმედ ზონებში, ასევე თევზჭერისთვის განკუთვნილ გემებს, ხის გემებსა და სახელმწიფო გემებს, რომლებიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი კანონი მეზღვაურებისთვის ახალ რეალობას შექმნის და ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას.
„1-ელ ივლისს ძალაში შედის კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ველოდებით, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება, გაზრდის კონკურენციას ბაზარზე და მნიშვნელოვნად გაზრდის მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელს“, - განაცხადა დავითაშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ძალაში შესული კანონის თანახმად, გემებს მოეთხოვებათ შრომითი ხელშეკრულების დადება, რომელშიც გაწერილი იქნება მეზღვაურთა დასვენებისა და შვებულების საკითხები, ასევე პასუხისმგებლობის საკითხი სამედიცინო მომსახურების, ხელფასის გადახდისა და დასაქმების სხვა ასპექტებზე.
კანონის თანახმად, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მეზღვაურთა დასაქმება შესაძლებელია 16 წელს ზემოთ პირებისთვის, თუმცა 18 წლამდე მეზღვაურები ვერ შეძლებენ ღამის ცვლაში ან ზეგანაკვეთული სამუშაოს შესრულებას.
გარდა ამისა, ორ წელიწადში ერთხელ მეზღვაურებს მოეთხოვებათ გაიარონ გეგმური სამედიცინო შემოწმება, რომლის გარეშეც მათი გემის ბორტზე დაშვება იკრძალება.
კანონი ასევე არეგულირებს გემების მზარეულების დასაქმებას, რომლის თანახმად, სასწავლო კურსის გავლის შემდე მათ სპეციალური გამოცდა უნდა ჩააბარონ და გემზე შესაბამის პოზიციაზე დანიშვნამდე არანაკლებ ექვსი თვისა უნდა იცურონ.
გემის მფლობელმა კი, რომელიც პასუხისმგებელია ქართულ გემზე, უნდა უზრუნველყოს გემს ჰქონდეს ისეთი ფინანსური გარანტია, რომელიც საკმარისი იქნება საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის, სიკვდილის ან ხანგრძლივი დროით შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში მეზღვაურისთვის კომპენსაციის გადასახდელად.
გარდა ამისა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის საზღვაო შრომის სერტიფიკატს გასცემს.
საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა გემზე ინსპექტირების ჩატარების შემდეგ და ადასტურებს გემზე ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, ახალი კანონი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.
„მაღალკვალიფიციური კადრების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ამიტომაც საზღვაო განათლებისა და პროფესიონალური მომზადების ხელშეწყობა იყო და რჩება საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგანაც პროფესიონალი ადამიანები ქმნიან წარმატებას ნებისმიერ სფეროში და, რა თქმა უნდა, საზღვაო სფეროში", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრი.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვა 74 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0