პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის რჩევების განხორციელება ცესკოს კრიზისში ჩააგდებს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2024
გამოწერა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესში ცვლილება და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმების წესი უკვე შევიდა ძალაში.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მიღებული ცვლილებების წყალობით შესაძლებელი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევა, ამასთან ოპოზიციის მხარდაჭერით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ ცვლილებების გაუქმების შესახებ არის ცესკოს კრიზისულ მდგომარეობაში შეყვანის რეცეპტი, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებისა და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის პოსტის გაუქმების შესახებ ძალაში 2023 წლის დეკემბერში შევიდა. კანონმდებლებმა კანონპროექტი ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასებისა და პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად მიიღეს.
ამჯერად ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
ვენეციის კომისიამ გამოხატა „უკიდურესი შეშფოთება“ იმის გამო, რომ მისი არც ერთი რეკომენდაცია ნაწილობრივადაც კი იქნა გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. კომისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცვლილებები არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის, ასევე აღნიშნული ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობისთვის.
„სამწუხაროა, რომ დასკვნა უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი და მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები ცესკოს გარანტირებული კრიზისულ მდგომარეობაში შესვლის რეცეპტია“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, მან აღნიშნა მიღებული ცვლილებების დადებითი შედეგები.
„შეგახსენებთ, რომ წესი, რომელსაც ეს დასკვნა (ვენეციის კომისიის - რედ.) ეხება, უკვე შევიდა ძალაში და ამ წესის თანახმად პარლამენტმა, ოთხი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით, რომლებიც ერთად წარმოადგენენ დეპუტატების კვალიფიციურ უმრავლესობას (3/5), შეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევა,“- დაწერა პაპუაშვილმა.
30 მაისს პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას წერილი გაუგზავნა მიღებული ცვლილებების სასარგებლოდ თავისი არგუმენტებით, თუმცა, კომისიამ იგი არ გაითვალისწინა 21-22 ივნისის პლენარულ სხდომაზე მიღებულ დამატებით დასკვნაში.
პაპუაშვილის პოზიცია
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა ცვლილებებმა საარჩევნო კოდექსში კლასიკური პოლიტიკური დისკუსიისთვის სივრცე გახსნა და კონსენსუსის მიღწევის ინტერესი უფრო მეტმა პარტიამ გამოავლინა.
„ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება ნათლად წარმოაჩენს, რომ როდესაც ოპოზიციას ხელთ არ აქვს განსაკუთრებული ინსტრუმენტები, იზრდება უფრო ნაყოფიერი პოლიტიკური განხილვებისთვის მზაობა და კონსენსუსის მიღწევის შანსები”, -აღნიშნა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილში.
მან წარუმატებელი ექსპერიმენტი უწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პარლამენტის დეპუტატების 2/3-მდე ხმების მინიმალური საჭირო რაოდენობის გაზრდას.
„კვალიფიციური უმრავლესობის (2/3) პროცედურასთან დაკავშირებით საქართველო ორწლინახევრის განმავლობაში წარუმატებლად ახორციელებდა ექსპერიმენტს. აღნიშნული პროცედურა არ მომდინარეობდა პარტიათაშორისი დიალოგიდან, არამედ იყო გარე მედიატორის დაჟინებული მოთხოვნა”, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეს ცვლილებები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით, 2021 წლის 19 აპრილს იყო მიღებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე.
„თუ საქართველოს ხელისუფლება მიჰყვებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და გააგრძელებდა ამ საექსპერიმენტო მოდელს, ცესკო დარჩებოდა 19 აპრილის შეთანხმებით შექმნილ ინსტიტუციურ კრიზისში და ქვეყანას ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ეყოლებოდა ცესკოს ხელმძღვანელობა”, -დაწერა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ექსპერტებისგან მოელის ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიზისის დასრულებას და არა მის შენარჩუნებას.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ვენეციის კომისიის ყველაზე დიდი წვლილი იქნებოდა ამ პროცესში საუკეთესო ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის გაზიარება და არა ისეთი ექსპერიმენტული მოდელების შეთავაზება, რომლებიც აშკარად არ მუშაობს.
„სამწუხაროდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მოსაზრებაში საერთოდ არ არის წარმოდგენილი ევროპული გამოცდილება, როგორც საუკეთესო მაგალითი. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ვენეციის კომისიის მიერ შეთავაზებული მსგავსი ექსპერიმენტული მოდელი ევროპაში არსად არ არსებობს”, -დაწერა პაპუაშვილმა.
ვენეციის კომისიის პოზიცია
ვენეციის კომისიამ თავის დამატებით დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეხება ვაკანტური პოზიციების შევსების ახალ ანტი-ჩიხურ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს კენჭისყრის ორი დამატებითი ტურის შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც კანდიდატების არჩევა უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.
ეს, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს რისკს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ერთპიროვნულად შეძლებს ცესკოს (არაპარტიული) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას.
„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ნაკლებ პერიოდში მიღებულ იქნა ცვლილებები საარჩევნო კანონის ასეთი ფუნდამენტური ელემენტების შესახებ”, -ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ იქნა გათვალისწინებული და რომ არჩევნები კვლავ ჩატარდება საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, რომელსაც ისევ აქვს მთელი რიგი ხარვეზები.
კერძოდ, ვენეციის კომისიამ დაასახელა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან, საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობების მაღალ ლიმიტთან, რასაც გავლენა აქვს თამაშის სხვადასხვა წესებზე, მერების მხრიდან ამომრჩეველის დაშინებასთან, გადათვლასთან და არჩევნების გაუქმებასთან და სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ბოლო დროინდელი რეფორმების განხორციელებისას არ მოხდა.
ამასთან, კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „გამოიყენონ ეს, როგორც იმპულსი დემოკრატიული პროცესის შემდგომი გაძლიერებისათვის”.
სადავო ცვლილებები
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0