დეპუტატი: ოპოზიცია ლეგიტიმაციას არა ხალხისგან, არამედ უცხოელებისგან ეძებს

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2024
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ხელისუფლების რაც უფრო მეტი ოპონენტი მოაწერს ხელს „ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციის“ მსგავს შეთანხმებებს, მით უფრო დარწმუნდება ხალხი, რომ ოპოზიციას ამომრჩეველი კი არ აღელვებს, არამედ უცხოელ აქტორები, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეკლარაციას ბრიუსელში ხელი მოაწერეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ახალმა“ და „ლელო საქართველოსთვის". დეკლარაციაზე ხელმოწერით ისინი შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში უკეთესი შედეგების მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
„რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სახის ე.წ. შეთანხმებები და უცხოეთში ნოტარიუსით დამტკიცებები, ქართველი ხალხი მით უფრო მიხვდება, რომ ოპოზიცია ლეგიტიმაციას ეძებს არა ხალხისგან, არამედ უცხოელებისგან”, -განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გაერთიანებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
მისი თქმით, ყველამ დაინახა ერთი კვირაში საპნის ბუშტივით თუ როგორ გასკდა გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთობა.
ხოლო ახალი პარტია „ახალის“ დამფუძნებლებმა - „ნაცმოძრაობის” ექს-ლიდერმა ნიკა მელიამ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თავმჯდომარის პოსტი ვერ გაიყვეს და შედეგად პარტიას ახლა ორი თანათავმჯდომარე ჰყავს, დასძინა მაჭარაშვილმა.
„რომელ ერთობასა და კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ? ამის არავის აღარ სჯერა. ამ სპექტაკლებს ხან ბრიუსელში აწერენ ხელს, ხან ზურაბიშვილთან”, -აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაში“ ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები მიმდინარე წლის მაისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ერთიანდებიან.
ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციონერები, შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აიღონ ვალდებულება, გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, გაატარონ რეფორმები სასამართლო, სამართალდამცავ და სხვა სფეროებში და ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მიერ.
„ამ ყველაფერს რადიკალური ოპოზიციის პატრონები, უცხოელები აორგანიზებენ. ოპოზიცია ვერანაირ კონფიგურაციას მათ გარეშე ვერ დაალაგებდა და ახლა ზუსტად ეს ხდება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
ზურაბიშვილი კი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, ახლა ოპოზიციის განუყოფელი ნაწილია.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0