ზივზივაძე: პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალი იქნება

© Courtesy of Nakrebiბუდუ ზივზივაძე
ბუდუ ზივზივაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2024
გამოწერა
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავა, ეს უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, განაცხადა ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი..
„გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ და პლეი-ოფში ვითამაშებთ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის", - განაცხადა ზივზივაძემ.
როგორც ფორვარდმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებისთვის პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალი იქნება, ისევე როგორც ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალი 26 მარტს საბერძნეთის ნაკრებთან.
„მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი 26 ივნისს მოედანზე გამოჩნდება", - განაცხადა ზივზივაძემ.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0