პრემიერი პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება

© Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2024
გამოწერა
კობახიძისთვის ეს იქნება პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ანგარიშის წარდგენა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის დეპუტატების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება.
პრემიერის ანგარიში მოიცავს როგორც ინფორმაციას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული მუშაობის, ისე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს, ასევე მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელების შესახებ ინფორმაციას.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში პარლამენტში საინტერესო იქნება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია დაესწრებიან თუ არა პრემიერის გამოსვლას ოპოზიციის წარმომადგენლები.

„საინტერესოა, დაესწრება თუ არა ოპოზიცია სხდომას, რადგან მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ბატონი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციამ ერთხელაც კი ვერ გაბედა პარლამენტში მისი მოწვევა, თუნდაც ინტერპელაციის ფორმატში. ყველას გვახსოვს თუ როგორ მთავრდებოდა მისი გამოსვლები ოპოზიციისთვის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობამდე. ოპოზიციას მასთან არგუმენტირებულ დისკუსიაში შესვლა არ შეუძლია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.

პრემიერი კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 28 ივნისს წარდგება. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სტაბილურად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების პროგრამას და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ოთხ პრიორიტეტულ სფეროში, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
კობახიძისთვის ეს იქნება პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ანგარიშის წარდგენა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას მთავრობის მეთაურის ანგარიშით დაასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0