GWP: თბილისის წყალმომარაგება ეტაპობრივად დღეიდან აღდგება

© press-service of Georgian Water and PowerGWP-ის თანამშრომელი
GWP-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2024
გამოწერა
მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება დღეიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. ამის შესახებ ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად 25 ივნისს აღუდგება.
ავარია სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე 16 ივნისის დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები უკვე აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით.
„ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი.
მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს. მომხდარი ფაქტის გამო წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 18 ივნისისთვის 63,4 ათას აბონენტამდე, 20 ივნისისთვის კი58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0