საქართველოში ძველი ტიპის პირადობის მოწმობები 1 ივლისიდან უქმდება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2024
გამოწერა
დოკუმენტების უსასყიდლოდ შესაცვლელად საქართველოს მოქალაქეებმა და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებმა უნდა მიმართონ უახლოეს იუსტიციის სახლს და ძველი დოკუმენტი წარადგინონ.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 15 მარტიდან 20 ივნისის პერიოდში ძველი ტიპის პირადობის მოწმობის 105,1 ათასმა მფლობელმა უსასყიდლოდ შეძლო თავისი პირადობის მოწმობის ID-ბარათით შეცვლა, ნათქვამია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციაში.
საუბარია 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ არაელექტრონულ (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებზე. დოკუმენტების უსასყიდლოდ შესაცვლელად საქართველოს მოქალაქეებმა და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებმა უნდა მიმართონ უახლოეს იუსტიციის სახლს და ძველი დოკუმენტი წარადგინონ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.
ბოლო მონაცემებით, ძველი ტიპის პირადობის მოწმობა ჰქონდა 217.766 მოქალაქეს, ამავე დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტიც..
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან დღემდე გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID-ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყვის ID-ბარათზე, წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილებას ადასტურებს.
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.
ყველა ახალი ამბავი
0