ვიცე-პრემიერი: საქართველოში ენერგობირჟა ეტაპობრივად გაიხსება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2024
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში მთავრობა დააკვირდება ოპერაციებს, თუ როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები, რათა კიდევ უფრო უმტკივნეულოდ მოხდეს ელექტროენერგიის ბირჟის მოდელზე გადასვლა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ გაიხსნება, სრული გახსნა ერთი წლით, 2025 წლის ივლისამდე გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 2024 წლის 1-ელი ივლისისთვის მხოლოდ ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.
„ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ ამ ბირჟის ამოქმედებას - 2024 წლის 1-ელი ივლისიდან დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, თუმცა, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა - გაყიდვის ოპერაციები ამ ეტაპზე იქნება ნებაყოფლობითი ხასიათის. ამ მოდელის თანახმად, სრული ამოქმედება 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში მთავრობა დააკვირდება ოპერაციებს, თუ როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები, რათა კიდევ უფრო უმტკივნეულოდ მოხდეს ელექტროენერგიის ბირჟის მოდელზე გადასვლა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი ინსტრუქციები და გარდამავალი მოდელის პრინციპები აისახება ბაზრის წესებსა და ვაჭრობის მარეგულირებელ სხვა დოკუმენტებში.
დავითაშვილის განცხადებით, არაერთი სამუშაო შეხვედრა შედგა უამრავ მონაწილე მხარესთან, ბოლო წლების განმავლობაში იყო გარკვეული პროგრესი ე.წ. „სიმულაციის რეჟიმში“ ვაჭრობის კუთხით, დაიწყო როგორც მიმწოდებლების, ისე მომხმარებლების მომზადება და ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ელექტროენერგიის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ენერგეტიკული ბირჟის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგეტიკისთვის. მისი შეფასებით, ბევრ ქვეყანას ათწლეულები დასჭირდა ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად, რადგან ეს არის ყველაზე კომპლექსური რეფორმა, რაც შეიძლება ენერგეტიკის სექტორში იყოს და ეს არ არის მხოლოდ ამ სექტორთან დაკავშირებული.
„ეს მჭიდროდ არის კავშირში მთელ რიგ, ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებთან ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მეტალურგიასთან, მსხვილ ენერგომომხმარებლებთან და ა.შ. იმის გამო, რომ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მათ შორის, მომხმარებლებთან, საოჯახო მეურნეობებთან მიმართებაში, აქ შეიძლება გარკვეული გამოწვევა ყოფილიყო ფასების ზრდასთან დაკავშირებით, რადგან ფასების ზრდა იქნება გარდაუვალი იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე არ იქნება სათანადო კომპეტენციები ბაზრის მონაწილეებს შორის", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, შესაბამისად, ხელისუფლება არის ფრთხილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ ამავდროულად, ქვეყანას აქვს საერთაშორისოდ გამოცხადებული ვალდებულებები ბაზრის გახსნასთან, ბირჟის ამოქმედებასთან და მთლიანად სექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებით, ამიტომაც იწყებენ ბირჟის ეტაპობრივად ამოქმედებას.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, მათ შორის იმის გამოც, რომ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან, ბოლოს კი ბირჟის საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2024 წლის 1-ელი ივლისი დასახელდა.
ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0