ხუნდაძე: პრეზიდენტი ყოველნაირად ცდილობს ზიანი მიაყენოს ქვეყანას

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2024
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს და ყოველნაირად ცდილობს ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.
21 ივნისს ზურაბიშვილმა ქართველ ელჩებს შემდეგი განცხადებით მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არაჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“. იმავე დღეს სლოვენიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ის „უკვე ოფიციალურად“ უბრუნებს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
„პრეზიდენტი არის ხილული მავნებელი, რომელიც დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად. სადაც შეუძლია, რომ ჩაშალოს, აურიოს, დაანგრიოს, გააფუჭოს და ზიანი მიაყენოს თავად ქვეყანას და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ, რა თქმა უნდა, ის ამ შანსს ხელიდან არ უშვებს", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილის ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
„ასეთი რამ არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, რადგან ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული ქმედება, მით უმეტეს, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან", - აღნიშნა ხუნდაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, კოპლატაძის განცხადება პრეზიდენტისა და ოპოზიციის დესტრუქციული სცენარის ნაწილია.
„სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი აკეთებს განცხადებას, თითქოს დღეს გადადგა, არადა, ექვსი თვეა, რაც თანამდებობაზე არაა, ვადა ამოეწურა. არც მაშინ გადამდგარა, მით უმეტეს, ახლა ვერ გადადგებოდა, მაგრამ ესეც გამოიყენეს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა იმისა, თითქოს ეს დესტრუქციული ტალღა უკვე გავრცელებადია და ელჩებმა უკვე დაიწყეს პრეზიდენტის დაკვეთის შესრულება“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძის ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა. „ირაკლი კოპლატაძემ 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა დიპლომატიური მისია სლოვენიის რესპუბლიკაში და მას შემდეგ ექვს თვეზე მეტია საქართველოს დიპლომატიურ რეზერვშია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება" - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0