ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ბათუმის სავაჭრო ცენტრში: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2024
გამოწერა
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მაისს ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გაავრცელა შეტყობინება.
კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები.
ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
სუს-ის განცხადებით, უწყების რეაგირება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტებზე იქნება საკმაოდ მკაცრი.
ყველა ახალი ამბავი
0