შანტაჟი და შურისძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით - მხილებულია ხუთი ადამიანი

© photo : The internet’s source UNSPLASHტელეფონი და სოციალური ქსელები
ტელეფონი და სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2024
გამოწერა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ოთხი ფაქტი გახსნა.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ოთხი ფაქტი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მხილებულია ხუთი ადამიანი, რომელთაგანაც სამი ქალია.
დანაშაულები ბოლო ერთი წლის განმავლობაშია ჩადენილი. ხუთი ბრალდებულიდან ერთ-ერთს 2 წელი პირობითი მსჯავრი უკვე განესაზღვრა. სამ პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხოლო კიდევ ერთი პირი კი ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
საქმე #1
ცოლმა ქმარს საყვარელთან მიმოწერა „გაუბაზრა”
30 წლის ქალმა მეუღლის სხვა ქალთან სასიყვარულო მიმოწერები „დასქრინა” და ქმრის ნათესავებსა და მეგობრებს გადაუგზავნა.
ახალგაზრდა ქალი 2022 წლის ნოემბრიდან ქორწინებაში იმყოფებოდა მამაკაცთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი ერთმანეთთან ინტერნეტით კონტაქტობდნენ.
2023 წლის 28 იანვარს ბრალდებულმა თავისი მეუღლის მობილურ ტელეფონში სასიყვარულო შინაარსის მიმოწერა ნახა, მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებს და მეგობრებს გაუგზავნა.
ქალს პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტზე სასამართლოს განაჩენით 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
საქმე #2
კაცი ქალს მასთან ვირტუალური სექსის ფარული ჩანაწერით აშანტაჟებდა.
2024 წლის იანვარში სოციალურ ქსელში ქალმა 51 წლის კაცი გაიცნო. მათ ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდათ, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული ქალს დაემუქრა - თუ არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერს და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე #3
ქალმა მეგობარი მამაკაცის ტელეფონში ნაპოვნი სხვა ქალის ინტიმური ფოტოები ამ უკანასკნელის ოჯახს გადაუგზავნა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტზე დედა-შვილი ამხილა.
2023 წლის ზაფხულში ქალმა საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს ინტერნეტის საშუალებით თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი თავის ტელეფონში ინახავდა. ამ მამაკაცს პარალელურად ინტიმური ურთიერთობა სხვა გოგოსთანაც ქონდა. სწორედ მან ნახა მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და ინტიმური შინაარსის ფოტოები.
მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა და დედამისმა ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნეს.
დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე #4
19 წლის ბიჭმა ინტერნეტში ნანახი უცნობი ქალის ფოტოები მის ქმარს გაუგზავნა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის საპატიმროში იმყოფება 19 წლის ბიჭიც. მან სოციალურ ქსელ Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი ქალის შიშველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა. შემდეგ იგი სოციალური ქსელით ამ ქალს დაუკავშირდა და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. ქალისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინების მიღების შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო. ბრალდებული გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა, მის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. სქრინები.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 19 წლის ბიჭი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0