საგარეო სავაჭრო ბრუნვა ისევ მცირდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო?
© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ხუთ თვეში ქვეყანაში 6,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მაისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2%-ით შემცირდა და 8,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 6,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 0,7%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-მაისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
ექსპორტი | 2 274,0 | -9,2 |
იმპორტი | 6 158 | 0,7 |
სულ | 8 432 | -2,2 |
ექსპორტმა 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,5%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლიან იანვარ-მაისში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
მსუბუქი ავტომობილები | 739,7 | -7,0 |
ღვინო | 140,7 | 35,9 |
ფეროშენადნობები | 105,6 | 22,1 |
სპირტიანი სასმელები | 104,3 | 52,2 |
მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატები | 73,1 | 206,2 |
2024 წლის 5 თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 206,2%-ით), სპირტიანი სასმელების (52,2%-ით) და ნატურალური ყურძნის ღვინის (36%-ით) ექსპორტი.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან დავარდა აზოტოვანი სასუქების (38,7%) და მსუბუქი ავტომობილების (7%), ასევე წყლის, მათ შორის მინერალური და გაზიანის, შაქრიანი დანამატებით (1,2%-ით) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-მაისში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, ვარდნა,% |
მსუბუქი ავტომობილები | 967,4 | -23,4 |
ნავთობპროდუქტები | 513,9 | 28,5 |
მედიკამენტები | 265,5 | 22,6 |
გაზი | 215,9 | -18,4 |
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები | 140,0 | 84,9 |
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (თითქმის 85%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (48,4%) და სატვირთო ავტომობილების (43,2%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების (23,4%), ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების (18,4%), სატელეფონო აპარატების (17%), ასევე სიგარების, სიგარილების და თამბაქოსა და მისი შემცვლელებისგან დამზადებული სიგარეტის იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-მაისში თითქმის 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,9%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-აპრილში
ქვეყნები | მლნ დოლარი | ზრდა, ვარდნა,% |
თურქეთი | 1 254,4 | 4,3 |
რუსეთი | 1 004,1 | -5,3 |
ჩინეთი | 691,6 | 10,2 |
აშშ | 640,4 | -18,0 |
აზერბაიჯანი | 500,0 | -18,8 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და იტალია.