„მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - საქართველოს ნაკრების განწყობა ჩეხეთთან მატჩის წინ

© Courtesy of Nakrebiსაქართველოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2024
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდებიან
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩის წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და გულშემატკივრებს ჰპირდებიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად - ჯგუფიდან გასვლისთვის.
საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ, შაბათს ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. ჩეხეთის ფეხბურთელებმაც პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიღწევა გვსურს. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება უკვე დავიწყეთ“, - განაცხადა ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ.
სპორტსმენის თქმით, ქართველი ქომაგები სტადიონზე მაქსიმუმს აკეთებენ, მან ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ „ისინი სტადიონიდან კმაყოფილები წავიდნენ“.
„თურქებთან შედარებით, ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე ბევრად ნაკლები იყო, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა“, - აღნიშნა მან.
„ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის“, - ამის შესახებ მცველმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.
„მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი, რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებს“, - აღნიშნა გველესიანმა.
როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ნაკრები იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მოვალეობას.
„გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა“, - განაცხადა გველესიანმა.
გველესიანის თქმით, ის უზომოდ ბედნიერია, რომ 33 წლის ასაკში მიეცა შესაძლებლობა, იყოს თავის გუნდთან ერთად.
„მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულითა და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში“, - ამბობს გველესიანი.
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.
საქართველოს ნაკრებმა ევროზე სადებიუტო მატჩი თურქეთთან ანგარიშით 1:3 წააგო. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0