ყველაფერი წინ არის! პოლიტიკოსების შეფასებები ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების პირველ მატჩზე

© AFP 2024 / ALBERTO PIZZOLIსაქართველო-თურქეთის მატჩი
საქართველო-თურქეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2024
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული თამაში ჩაატარა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი და შემართება გამოავლინა, დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
18 ივნისს, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
„ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება", - დაწერა კალაძემ.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის გიორგი მიქაუტაძეს მადლობა გადაუხადა.
„წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება. წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“, - დაწერა კალაძემ.
ღირსეული თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის! ბრძოლა ბოლომდე!!! ყველაფერი წინ არის!!! და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ასევე ისტორიული დღეა - საქართველომ, ისტორიაში პირველად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე!!“, - დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა გახსნეს - გოლი 25-ე წუთზე მერტ მიულდურმა გაიტანა. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ თურქებმა მეორე გოლი გაიტანეს, თუმცა, ვიდეოგამეორების შემდეგ არგენტინელმა არბიტრმა გოლი გააუქმა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან პირველი, ისტორიული გოლი გიორგი მიქაუტაძემ 32-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:1 - თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.
თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0