GWP: წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება

© courtesy of GWPGWP-ის ტექნიკური ჯგუფი
GWP-ის ტექნიკური ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2024
გამოწერა
ამ დროისთვის გრაფიკით წყალი კომპანიის 58,351 აბონენტს მიეწოდება
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 58,351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც 18 ივნისიდან წყალს გრაფიკით იღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსსა და ქსელში წყლის განაწილებაზე.
უწყების ცნობით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.
„მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებლი მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება მოხდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით აწვდის. ცისტერნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ცხელ ხაზზე.
წყალმომარაგების აღდგენის კონკრეტული დროების შესახებ ინფორმაციას აბონენტები ინდივიდუალურად SMS-შეტყობინების სახით მიიღებენ.
ვითარება ავარიის ადგილზე
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
GWP-ის ინფორმაციით, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ კი გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0