ევრო 2024: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს დამატებითი ავტობუსები მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის ნაკრების ქომაგები
ფეხბურთის ნაკრების ქომაგები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. საქართველო- თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმეწუთიანი ინტერვალით იმოძრავებს, იუწყება თბილისის მერია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას თურქეთთან დღეს გამართავს - მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.
მერიის ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით პერიოდში ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. კერძოდ, გულშემატკივრები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0