მერია: დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება

© press-service of Georgian Water and PowerGWP-ის თანამშრომელი
GWP-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
ამ პერიოდის განმავლობაში 64 ათასამდე აბონენტისთვის წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ხელმძღვანელობას შეხვდა და ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემები და მათი მოგვარების გეგმა განიხილა.
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. 17 ივნისს პრობლემური არეალი დაახლოებით 63,4 ათას აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც 18 ივნისიდან წყალს გრაფიკით იღებენ.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში წყალმომარაგების სრულად აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში 64 ათასამდე აბონენტისთვის წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.
„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, მანამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე. მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება“, – განაცხადა კალაძემ.
GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე.
ვითარება ავარიის ადგილზე
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
GWP-ის ინფორმაციით, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ კი გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო.
კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.
„ადგილზე 24-საათიან უწყვეტი რეჟიმით მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში..
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა.
ყველა ახალი ამბავი
0