ვინ ადგენს „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას? ვიცე-სპიკერის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2024
გამოწერა
აღნიშნულ საკითხე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს, განაცხადა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს და იმის თქმა, რომ სიას პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არასწორად ადგენს, უსამართლობაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით (ანუ პარტიული სიებით).
„იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი სიებს არასწორად ადგენს, უსამართლოა, რადგან 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილს არასდროს მიუღია გადაწყვეტილება გუნდის წევრებთან ინტენსიური კონსულტაციების გარეშე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია და თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება და არავინ, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ გადაწყვეტს, ვინ იქნება და ვინ არა სიაში.
„ამ საკითხზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა დეპუტატმა.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლისთვის.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0