პარტიები „საქართველოსთვის" და „ლელო" შეიძლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2024
გამოწერა
ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმის თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების დროს, განაცხადა გახარიამ
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნებზე ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ თანამშრომლობა არ გამორიცხა, რომელსაც პოლიტიკურ ველზე არსებულ ძალებს შორის ყველაზე ახლობელი უწოდა.
პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანებით უნდა წავიდეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ამას ყველა არ იზიარებს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, „ლელო“ ჩვენთან ყველაზე ახლოსაა... სანამ გაერთიანებას მივაღწევთ, საბაზისო თანამშრომლობა უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმის თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
არჩევნებიც რომ გვერდზე გადავდოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი დაცული უნდა იყოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა. ამასთან, გახარია სასაცილოდ მიიჩნევს, როცა საუბრობენ „დიდი გლობალური გაერთიანების, ერთიანი სიების შესახებ“.
„ჯერ კიდევ გუშინ ერთად მყოფი მხარეები ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობენ. ამიტომ, როცა რაიმე კითხვა ან პრეტენზიას მესმის, ღიმილის გარდა ვერაფრით ვუპასუხებ“, - განაცხადა გახარიამ TV PalitraNews-ის ეთერში.
ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაშიუნდა დაბრუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის ერთიანი ოპოზიციის კანდიდატად ყოფნას, გახარიამ უპასუხა: „ჩვენ დავუჭერთ მხარს“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. „ქარტიაში“ ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მიერ უნდა იქნას შესრულებული.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0