ახალი რეკორდები: პრემიერის პროგნოზი ტურისტული სექტორისთვის

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2024
გამოწერა
მთავრობის ამოცანაა არსებული ზრდის ტემპების კიდევ უფრო გაუმჯობესება, აღნიშნა კობახიძემ
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალი 9%-ით გაიზრდება და ქვეყანას 7,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ტურიზმის სფერო, რომელიც კოვიდპანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, აგრძელებს აღდგენას და ახალი რეკორდების მოხსნას. მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს გასული წლის რეკორდი მოიხსნება და ქვეყანა ტურიზმიდან თითქმის 10%-ით მეტ შემოსავალს - 4,5 მლრდ დოლარს მიიღებს.
„წელს 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ველოდებით კონკრეტულად ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელთან შედარებით 9%-ით მეტი იქნება. ველოდებით 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, 5,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ტურიზმის და ავიაციის სფეროში კარგი მონაცემებია, ამიტომაც მთავრობის ამოცანაა ზრდის ტემპების შემდგომი გაუმჯობესება, რისთვისაც ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს.
„კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან - 808 მლონ დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით გადააჭარბა. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ 1,3 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით 8%-ით მეტია. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - ერთი კვარტლის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე დადებითად შეაფასა ავიაციის სფეროში არსებული დადებითი მოლოდინები. მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე ფრენების რაოდენობა 13,6 ათასი იქნება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.
მისი თქმით, ევროპაში კონკრეტულად 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს 38 მიმართულებით, რაც ასევე ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. 2011 წელს კი ქვეყანაში მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა.
„ასევე დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც - მგზავრთნაკადმა აეროპორტებში 1,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა კვარტალურ რეკორდს მიაღწია და 807,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და 39,6%-ით მეტი 2019 წლის, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 171,2 მილიონი აშშ დოლარი.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0