ხუნდაძე: ევროკავშირში გაწევრიანება გამოიყენება ინსტრუმენტად გავლენის მოსახდენად

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2024
გამოწერა
გარე ძალებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სურთ იმ მოტივით, თითქოს ხელისუფლების ბრალია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოზე წინ მოლდოვა და უკრაინა დააყენეს, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ევროკავშირში გაწევრიანება გამოიყენება, როგორც გავლენის ინსტრუმენტი საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც პრინციპულად იცავს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და არ ემორჩილება გარე დაკვეთებს, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოში“ არაერთხელ განაცხადეს, ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებას რომ ეფუძნებოდეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე გახსნილი იქნებოდა.
„ეს არის ის, რაც ჩვენ აქამდე უკვე ვნახეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ინსტრუმენტად გამოყენებული, რათა ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს ასე პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ასე ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ“, - განაცხადა ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, გარე ძალებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სურთ იმ მოტივით, თითქოს ხელისუფლების ბრალია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯებზე წინ მოლდოვა და უკრაინა დააყენეს.
უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 25 ივნისს დაიწყება. ივნისის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილა აუცილებელი მოთხოვნები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგივე მოხდა, როდესაც საქართველოს სთხოვეს „ცალ ფეხზე“ დგომა, სანქციებთან მიერთება, მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ომს.
„უკრაინიზაცია და უკრაინის ბედი საქართველოს არ გამოადგება“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა, სადაც დასავლეთისა და რუსეთის ღია საომარი დაპირისპირებაა.
„ხედავთ, რომ ომის მომხრეები უფრო მრავლად არიან, ვიდრე მშვიდობის მსურველები. ეს ევროკავშირის არჩევნებშიც გამოისახა - საზოგადოებასაც საპირისპირო დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ლიდერებს, რომლებიც მხოლოდ შეიარაღებაზე არიან გადასული და ნაკლებად ფიქრობენ, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0