რა ახდენს გავლენას ლარის გაუფასურებაზე - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerვალუტის გაცვლა
ვალუტის გაცვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2024
გამოწერა
სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები კურსის მერყეობის მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაზე გავლენას აჟიოტაჟი ახდენს, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ.
ოპოზიცია ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა სკანდალური კანონის მიღების შემდეგ ლარის გაუფასურება თითქმის 7%-ით. პარლამენტმა კანონპროეტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. მაშინ ლარის კურსი 2,6804 GEL/$1 იყო. უკვე 13 ივნისს კი კურსმა 2,8664 GEL/$1 შეადგინა.
„მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებისას აჟიოტაჟი გარკვეულწილად გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე. ამ შემთხვევაში, საქმე სწორედ ამასთან გვაქვს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია“, - განაცხადა არჩვაძემ.
როგორც ექსპერტმა განმარტა, ზოგადად, არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი: ეკონომიკური და ემოციური.
მისი თქმით, რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია მასში მეორე ფაქტორს, თუმცა მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებიც არ არიან დაზღვეული ამისგან.
„სახელმწიფოების ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა, თუ სპორტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, შედარებით მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიებს განეკუთვნება, აქ, რა თქმა უნდა დიდ როლს მეორე ფაქტორი თამაშობს“, - აღნიშნა მან.
მიუხედავად ამისა, ექსპერტმა ახსენა საქართველოს ეკონომიკის ზრდის დადებითი ტენდენცია და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დადებითი პროგნოზებიც.
მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს – 5%-ით. ამგვარად, იანვრიდან პროგნოზი გაუმჯობესდა 0,4%-ით და 0,5%-ით შესაბამისად.
„ამ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების პროგნოზი გააკეთა, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ წარმატებულად -1,5-ჯერ იზრდება. ის ასევე გამოირჩევა ზრდით მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ამას დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 34%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკის საშუალო ზრდა მხოლოდ 14%-ია“, - თქვა მან.
ასევე, მისი თქმით, საქართველოში ინფლაცია შედარებით დაბალია, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირში.
„საქართველოსთან შედარებით, აშშ-ში გასულ თვეში ინფლაცია თითქმის 2-ჯერ მაღალი იყო. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ტემპი ბოლო თვეებში გაიზარდა, მაისში მისი 3/4 ენერგომატარებლების ფასების ზრდასთან იყო დაკავშირებული. როგორც იცით, საქართველო არის ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყანა“, - განაცხადა არჩვაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის მაისი 2023 წლის მაისთან შედარებით) 2% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წინა თვეების მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ (2024 წლის აპრილი 2023 წლის აპრილთან შედარებით) 1,5% შეადგინა.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე ემსახურება კურსის რყევების მინიმუმამდე დაყვანას.
ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან სამ სავალუტო აუქციონზე რეზერვიდან 168,7 მილიონი დოლარი უკვე გაყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0