ეროვნული ბანკი ევრო 2024-ზე საქართველოს გასვლის აღსანიშნავად მონეტებს გამოუშვებს

© National Bank of Georgiaსაკოლექციო მონეტები
საკოლექციო მონეტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2024
გამოწერა
ამ ეტაპზე პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
26 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაკრების შემადგენლობის და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენზე წარდგინების ინიციატივით გამოვიდნენ. ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
„ჩვენი ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნად, როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტების დიზაინზე, რომელიც ოქროსა და ვერცხლის იქნება, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვიმუშავეთ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება. მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.
მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო - მხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოს.
© National Bank of Georgiaსაკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტები ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობასთან დაკავშირებით
Коллекционные золотые и серебряные монеты в связи с участием сборной Грузии по футболу Евро-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2024
საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტები ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობასთან დაკავშირებით
მონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო“, რაც ბრენდის სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც მის იდეოლოგიას ახმოვანებს და ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს.
მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ერთგვარად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიას. მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.
მიმდინარე ეტაპზე პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი, რომლის დასრულება და რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0