სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის ყოფილი სამართალდამცველი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი არის დაკავებული.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, პარალელურად დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო და დაზარალებულ მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადმოიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშნელოვანი დოკუმენტაცია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელახლა ნაწარმოები გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელმაც პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავა, აღნიშულია ინფორმაციაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0