როგორ ჩატარდება უცხოეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნები: ახალი ინსტრუქცია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2024
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურების ორგანიზება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის მთავარი თემა გახდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების საკითხები გააცნეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები ესწრებოდნენ.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვემასპინძლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებთან დაკავშირებულ დისკუსიაში იმ ძალისხმევაზე, რომელიც გაწეულია ჩვენი ქვეყნის მხრიდან... შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ ჰქონდეთ ბარიერები, აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე და სხვა სიახლეებსა და პროექტებზე, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარების მიზნით ახორციელებს.
„არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ევროპული არჩევნების ჩატარება მაღალ პროფესიულ დონეზე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
გამოქვეყნებული ინსტრუქციები ასევე პასუხია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, თითქოსდა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულებების გამო საკონსულო აღრიცხვიდან ხსნიან.
ცესკო ყველაფერს გააკეთებს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად>>
სამინისტროს განცხადების მიხედვით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
„საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელების მექანიზმების შექმნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, რაც მისი პირადი განცხადებით ხდება და არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა, რისთვისაც არსებობს კონკრეტული საფუძვლები, არავითარ კავშირშია მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებთან“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0