რა არის „გლობალური ომის პარტია“ - სუსის უფროსის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ არის გავლენიანი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „გლობალური ომის პარტია“ კონკრეტული პარტია კი არა, არამედ პოლიტიკური სუბიექტებია, რომელთა რიტორიკაც დაძაბულობის კერებს ქმნის და „მეორე ფრონტის" გაღვივებას ცდილობს, ამასთან მას გეოგრაფია არ გააჩნია, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
„ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. შეიძლება, ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული არც იყოს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ქვეყანამ ასეთი დამაზიანებელი განცხადებები როგორც შარშან, ისე წელსაც მოისმინა.
„ალბათ, ეს არის ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ერთობლიობა, ამ პარტიას გეოგრაფია არ გააჩნია", -განაცხადა მან.
მისი თქმით, აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი და მონაწილეობა, რომელიც დაინტერესებულია მშვიდი, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით.
„რომ დაძაბოთ გონება, სახელებსა და გვარებს თქვენ თავად აუცილებლად მიხვდებით“, - დასძინა ლილუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომელზეც ხშირად გაკეთებულა განცხადებები, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და იქ დამსწრე პირებმა იციან, რა ძალებზეა საუბარი.
„ვსაუბრობთ დახურულ ფორმატში, სადაც დამსწრე დეპუტატების რაოდენობამ, ზუსტად იმდენმა, რამდენიც ესწრებოდა, გაიგეს, რა ძალებზეა საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.
ყველა ახალი ამბავი
0