პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2024
გამოწერა
2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დეპუტატთა ხელფასების დაანგარიშების ახალი სისტემა ამოქმედდება.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 87,3 მლნ ლარი იქნება, ნათქვამია პარლამენტის ვენგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. ბიუჯეტი შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტს, რომლის არჩევნებიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. ბიუჯეტის თანახმად, ხარჯები 78,4 მლნ ლარს შეადგენს, არაფინანსური აქტივების ზრდა 8,9 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ხელფასებზე 43,7 მლნ ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა პროექტის კომიტეტში განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებაზეც გააკეთა განმარტება - გოცირიძის თქმით, პარლამენტის სრულ განაკვეთზე და არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა დიდია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„დასაქმებულთა რაოდენობა საშტატო ნუსხით 708 პირია. ამ რაოდენობაში შედიან დეპუტატები, საჯარო მოხელეები და ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. რაც შეეხება ე.წ. შტატგარეშე თანამშრომლებს, რაც სინამდვილეში შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს, ასეთი კომიტეტებში სულ 25 პირია, აპარატში კი - 29", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით დასაქმებულების საერთო რაოდენობა ჯამში არის 70-ით მეტი, რაც გამოწვეულია რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით -პროპორციული სიით გასული პარლამენტის წევრებისთვის თანაშემწეების პოზიციის დაშვების თაობაზე.
„ძირითადად, სწორედ ამან გამიწვია დასაქმებულთა რაოდენობის 70 ერთეულით ზრდა. სინამდვილეში, 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის არსობრივი ზრდა არ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხელფასები ახლებურად
2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დეპუტატთა ხელფასების დაანგარიშების ახალი სისტემა ამოქმედდება.
მიღებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატის ხელფასი შედგება სახელმწიფო ბიუჯეტით კონკრეტული წლისთვის განსაზღვრული საჯარო მოხელის საბაზო ხელფასისა და გარკვეული კოეფიციენტის ნამრავლისგან, რომელიც დეპუტატის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.
პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები შემდეგნაირად გადანაწილდება: პარლამენტის თავმჯდომარე – 8.5; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.0; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7.8; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7.6; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7.4; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7.2; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7.0.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 15-დან 20 ათას ლარამდე გაიზრდება თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა.
გარდა ამისა, 10-დან 15 ათას ლარამდე გაიზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
ყველა ახალი ამბავი
0