პაპუაშვილი: დონორები ტერორს ნორმად აქცევენ

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
პაპუაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ემუქრებოდნენ
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დონორი ორგანიზაციები საქართველოში ტერორს ნორმად აქცევენ, თითქოს ვერ ამჩნევენ პოლიტიკურ ექსტრემიზმს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც აფინანსებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ძალადობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დამახასიათებელი ნიშანი გახდა, რომელმაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად დაყო. ფიზიკურ ძალადობაზე განცხადებები გააკეთეს როგორც პარტიების ლიდერებმა ისე ჟურნალისტებმა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მუქარის მსხვერპლი გახდა პოლიტიკასა და საზოგადოებაში ცნობილი არაერთი ადამიანი.
„დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ", - დაწერა სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს „თავში ტყვიით“ ემუქრებოდნენ, ურეკავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. საზოგადოების თავშეყრის ადგილზე თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრს, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
„ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები სინამდვილეში ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
აშშ-ის და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მაინც მიიღო. იგი ივნისის დასაწყისში ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები საპარლამენტო უმრავლესწობის წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, სამშობლოს გამყიდველებს ეძახიან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს უცხო სატელეფონო ნომრებიდან ურეკავდნენ უცნობი ადამიანები და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, კანონის მოწინააღმდეგეებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც დააინიცირეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, და მოუწოდეს მათთან დარეკვისა და შეურაცხყოფის მიყენებისკენ.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ „ფაშისტური ბულინგის", რომელიც „რადიკალურმა ოპოზიციამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების გამო წამოიწყო.
სკანდალური კანონი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0