„ქართულ ოცნებაში" ბაიდენისა და მაკრონის კრიტიკას უპასუხეს

© AP Photo / Markus Schreiberჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი
ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2024
გამოწერა
თეთრმა სახლმა აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება გაავრცელა
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თუნდაც ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ უნდა უპასუხოს კითხვას: როგორ შეიძლება „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძირს უთხრიდეს დემოკრატიას საქართველოში და მსგავსი კანონები აშშ-სა და საფრანგეთში აძლიერებდეს დემოკრატიას, დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ამერიკის პირველი პირის პარიზში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს „ქართულ ოცნებას" პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს „ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით". სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს „სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე".
„აშშ-სა და საფრანგეთის პირველი პირები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო კიდევ ერთხელ გვაკრიტიკებენ. ვინმემ, თუნდაც ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართულმა ან უცხოურმა გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!", - დაწერა მდინარაძემ.
მისი თქმით, აშშ-სა და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს.
„ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო ამავე სფეროს რეგულირების, ასევე, გაცილებით მკაცრი კანონი!..“ – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
აშშ-ის და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მაინც მიიღო. იგი ივნისის დასაწყისში ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0