საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს

© AP Photo / Tamuna Kulumbegashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2024
გამოწერა
მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 9 ივნისს მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს სტუმრად გამართავს.
ამხანაგური მატჩისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ გეინბერგში საწვრთნელი შეკრება დაასრულა და მონტენეგროში გაემგზავრა.
ორი ქვეყნის გუნდი ერთმანეთს „პოდგორიცას" სტადიონზე დაუპირისპირდება.
მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე გადაიცემა.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
სახელმწიფომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის დაასუბსიდირა ავიაბილეთები გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გუნდი მატჩებს გამართავს. სულ სუბსიდირებულია 3 ათასი ავიაბილეთი - 2 ათასი ბილეთი განკუთვნილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, 1 ათასი - ქუთაისის აეროპორტზე.
ერთი მიმართულებით სუბსიდირებული ბილეთის ღირებულება195 ევრო იქნება, ორივე მიმართულებით - 390 ევრო.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0