აჭარა ტურისტების მისაღებად ემზადება

© photo: press-service Georgia Tourism Administration ბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2024
გამოწერა
წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიანი აჭარის განვითარებას, განაცხადეს ტურიზმის დეპარტამენტში
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. აჭარა ზაფხულის სეზონზე ტურისტების მისაღებად აქტიურად ემზადება და ამისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ.
აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.
ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას.
„წლის განმავლობაში აქტიურად იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერ-კლასები და პრაქტიკული მეცადინეობები დარგის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის გიდების, სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა ზოიძემ.
გარდა ამისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიანი აჭარის განვითარებას.
„მთიან აჭარაში ტურისტებისთვის მზად არის 25-მდე მონიშნული ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტები, მათ შორისაა განახლებული ხიხანის ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრასტრუქტურით, ასევე საპიკნიკე ადგილები ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში.
2023 წელს აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 4.691,633 შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის და 10,4%-ით მეტი 2019 წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0