ხუნდაძე: რეიტინგები საქართველოს პროგრესს ასახავს, განცხადებები კი რეგრესზე კეთდება

© photo: Sputnik / Mariya Devakhinaამერიკის დროშა
ამერიკის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2024
გამოწერა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფალ ქვეყანად დაასახელა, შეერთებულმა შტატებმა კი პერსონალური სანქციები იმ პირებს დაუწესა, ვინც პასუხისმგებელია „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მაღალრეიტინგული დასავლური კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ დასავლეთიდან კვლავ ისმის კრიტიკა, რაც ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „ხალხის ძალის“ დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამას მოწმობს ამერიკული ანალიტიკური ცენტრ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ატლასი, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსის დეტალიზებულ ანალიზს მოიცავს. ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ.
„რეალობა აჩვენებს იმას, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორად ვითარდება და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მას აქვს სამაგალითო წინსვლა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მან აღნიშნა, რომ დასავლურ რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციების ფონზე დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიის რეგრესი შეინიშნება, ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.
„ახლა კი, იმავე დასავლეთიდან ვიღებთ მაღალრეიტინგული კვლევების აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს - თავისუფლების მრავალმხრივი ინდიკატორის გამოყენებით, თავისუფლების ინდექსით, საქართველო ერთ-ერთი უპირატესი პოზიციით სარგებლობს და მან 2012 წლის შემდეგ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
რეიტინგში „თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ატლასი“ საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი კატეგორია, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ინდექსები და რეიტინგები სიმართლეს ასახავს და ისინი რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ გაჟღერებული „ლობისტური ნარატივებით გაჯერებული წარმოდგენებისაგან“, განაცხადა თავის მხრივ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
სანქციები ყველას დააზარალებს - ოპოზიციის რეაქცია აშშ-ის სანქციებზე>>
„2012 წლის შემდეგ, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გაუმჯობესდა 23 საფეხურით და ამ გაუმჯობესებით არის მსოფლიოში მე-6, ევრაზიაში მე-2, ევროპაში კი პირველ ადგილზე“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, მსოფლიოში თავისუფლება თანდათანობით და მეთოდურად ნელა უმჯობესდება, მაგრამ ორი სახელმწიფო გამოირჩევა ნახტომისებური პროგრესით: საქართველო და ხორვატია.
ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სავიზო შეზღუდვები საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრზზე“ პასუხისმგებელი პირების და მათი უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ. სანქციები შეეხო საქართველოს რამდენიმე ათეულ მოქალაქეს - პარლამენტის დეპუტატებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს და ფიზიკურ პირებს.
შეერთებული შტატები შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა.
აშშ-ის და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0