„ქართული ოცნება“ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს - კალაძე

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2024
გამოწერა
დღეს საზოგადოებამ დაინახა, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებლობა და თავისუფლება, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას აპირებს, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, არ გამორიცხავენ მომავალი არჩევნების გაყალბებას. ოპოზიციის ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს და მას მმართველი პარტიის პროტეჟეს უწოდებს. ამასთან, როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
„ქართული ოცნება“ მოვა კონსტიტუციური უმრავლესობით. ამის გარანტიას მაძლევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელიც დღეს აქვს იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, განამტკიცოს ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღეს საზოგადოებამ დაინახა, რეალურად რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი. ამისთვის ვიბრძვით დღესაც“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ანალიზის გაკეთება ისწავლა.
„საზოგადოებამ ასევე დაინახა, რას ნიშნავს ვირტუალური დემოკრატია. ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ხალხი ანალიზს ვერ აკეთებს, ვერ არჩევს, რა იყო, როგორ იყო და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0