არასერიოზული მიდგომა: პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ

© prillაშშ-ის დროშები
აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2024
გამოწერა
ქართველმა ხალხმა 30 წლის განმავლობაში მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. შეერთებული შტატების მხრიდან არასერიოზულია სავიზო შეზღუდვის დაწესება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა ვინაობაც არც კი საჯაროვდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. არასერიოზულია და მე ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამოსწორების ნაცვლად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ამხელა ქვეყანას არ ეკადრება.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო იყო ოპოზიციის რეაქცია.
„აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმიდვნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მილერმა აღნიშნა, შეერთებული შტატები შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
აშშ-ის და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0