წილოსანი: ამერიკის სანქციებმა ქართულ ოპოზიციას სიცოცხლე გაუხანგრძლივა

© photo: Sputnik / Stringerნინო წილოსანი
ნინო წილოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2024
გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებამ ოპოზიციას პოლიტიკური სიცოცხლე გაუხანგრძლივა, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“, - განაცხადა წილოსანმა.
ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა, აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, ოპოზიციის თანამებრძოლებითა და საზღვარგარეთ მყოფი პატრონებით, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნით საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.
ამ ყველაფრის უკან, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, დგას რაღაც „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს „კრიტიკული გავლენა“ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც წარმოადგენენ „გლობალური ომის პარტიას“. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0