საეკლესიო კალენდარი: 7 ივნისი

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივნისს წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნას აღნიშნავს, ეს თარიღი საეკლესიო კალენდარში ასევე არის აჭარაში თურქთაგან წამებულთა წმიდა მამათა და დედათა ხსენების დღეც.
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ისინი და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის ნათლისმცემლისა იოანესი
როცა წმიდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.
ტაძარი ხევსურეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2024
საეკლესიო კალენდარი: 6 ივნისი
მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი
აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.
XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.
ცნობილ მეცნიერს ზაქარია ჭიჭინაძეს თავის ნაშრომში „ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში“, მოჰყავს ღრმად მოხუცი აჭარელის ნაამბობი: „აჭარაში გამაჰმადიანების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ... ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა... ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაამაჰმადიანეთ, თუ არ გამაჰმადიანდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულები შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც დგას. ამ ხიდზე დაუდვიათ თავ-საკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ: თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენ. ეს საქმეები მომხდარა ამ ასი წლის წინათ, ე.ი. 1790 წლებში“.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0