ცესკო: უსაფუძვლო განცხადებები საარჩევნო პროცესს აზიანებს

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2024
გამოწერა
ცესკო ყოველთვის მიაწოდებს ამომრჩევლებს ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, არ გამორიცხავენ მომავალი არჩევნების გაყალბებას. ოპოზიციის ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს და მას მმართველი პარტიის პროტეჟეს უწოდებს. ამასთან, როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
„ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც - მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე, ზოგადად საარჩევნო გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, ამ მიმართულებითაც ვრცელდება ინსტიტუციის დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებები, აღნიშნულია განცხადებაში.
„მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს და არჩევნების მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოში ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია საარჩევნო პროცესებიდან პოლიტიკური დისკურსის და გავლენების აღკვეთისაკენ.
„ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია ჩართული მხარეების ობიექტური მხარდაჭერა და არა წინასწარი წარმოდგენებისა და არასწორი აღქმების შექმნა, რაც უფრო მეტად დააზიანებს საარჩევნო გარემოს“, - აღნიშნეს საარჩევნო ადმინისტრაციაში.
არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მზად არის შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათა დაინტერესებულ მხარეებს დეტალურად გაუზიაროს ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს.
„ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება, არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად“, - აღნიშნეს ცესკოში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0