WinExpo Georgia ქართული ღვინის მოყვარულებს უმასპინძლებს

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსი Georgia Wine Award
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 7-9 ივნისს ჩატარდება.
WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.
WinExpo Georgia 2024–ზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევის ღვინო, ახალი მარნების, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები.
გამოფენა საინტერესო იქნება არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები) მომწოდებელი კომპანიები, ასევე სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც აღნიშნულ დარგს უკავშირდება.
ღვინის ყველა მოყვარულს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ღვინის ფორუმი, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.
გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსი Georgia Wine Award, რომლის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური 200-მდე ღვინოს შეაფასებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 ივნისს დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელთაც ოქროს, ვერცხლის და ბრიჯნაოს მედლები გადაეცემათ.
WinExpo Georgia 2024-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
ყველა ახალი ამბავი
0