„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: როდის დაიწყება ორგანიზაციების რეგისტრაცია

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2024
გამოწერა
პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ხვალიდან ამოქმედდება, თუმცა შესაბამის ორგანიზაციებს პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან ექნებათ.
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია 60 დღის შემდეგ დაიწყება, ანუ მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიიღებს ყველა ნორმატიულ აქტს და შექმნის შესაბამის ელექტრონულ პორტალს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომლის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე დასავლეთი, ძალაში შევიდა. 28 მაისს პარლამენტმა სკანდალურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, 3 ივნისს კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას ხელი მოაწერა და იგი „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. დასავლეთმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
„ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის. 60 დღის შემდეგ ის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება (20%-ზე მეტი - რედ.), ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ ამ პორტალზე და შემდეგ დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
60 დღის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, ანუ 4-5 სექტემბრამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი 2023 წელს იყო უცხოური დაფინანსება, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში.
რაც შეეხება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას კანონისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ, პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის არადემოკრატიული ქმედება და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას.
„ეს ეწინააღმდეგება მათ მიერვე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი, ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თუ მათ არ მოსწონთ კანონის ტექსტი, მაშინ თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე?, დასძინა პოლიტიკოსმა.
„ეს აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მათ პრობლემა კანონის რომელიმე მუხლთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ იმაში, რომ ხალხისთვის ცნობილი გახდება მათი ფინანსები. ცნობილი გახდება თუ სად მიდის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომელზეც შიგადაშიგ შევიტყობთ ხოლმე, რომ იხარჯება რადიკალიზმზე, ორგანიზაციებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ტერორით, მუქარით არიან დაკავებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს უცხოური დაფინანსება ასოცირდება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ტერორით, მუქარით არიან დაკავებული.
„მოვუწოდებ ყველას, მიჰყვნენ კანონის ნორმას, სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მომხრე და მოწინააღმდეგე
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, ეუთო/ოდირმა, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოში სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები მას „რუსულ კანონს" უწოდებენ.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის დეტალები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0