საქართველომ გაიმარჯვა - პრემიერი „გამჭვირვალობვის შესახებ" კანონის ძალაში შესვლაზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2024
გამოწერა
მთავრობის მეთაურის თქმით, კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ როგორც ხელისუფლების გამარჯვება.
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება უნდა განვიხილოთ არა ხელისუფლების, არამედ მხოლოდ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გამარჯვებად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, 3 ივნისს კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას ხელი მოაწერა. კანონი, რომლის წინააღმდეგაც გამოდიან ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და დასავლეთი, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ როგორც ხელისუფლების გამარჯვება.
„კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ როგორც ხელისუფლების ოპონენტების დამარცხება, მით უმეტეს, არ შეიძლება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად. ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კანონთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. იყო ზედმეტი ემოციები, რასაც, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა.
„თუმცა, ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება", - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით წლებია უკვე ხელოვნურად ინერგება საქართველოში და პრემიერის თქმით, აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან.
„მინდა, ყველას მოვუწოდო გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის", - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
ყველა ახალი ამბავი
0