საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

© photo: Sputnik / Denis Aslanovქალთა კოლონია
ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2024
გამოწერა
1 მაისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2011 წელს პენიტენციულ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
1 მაისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 81,1%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,5%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 50 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 62 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 168 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1 მაისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 55 ქვეყნის 929 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 9%-ს შეადგენს. ამასთან 608 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 78 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 24,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 134 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 477 უცხოელი 34 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0