მშენებლობა, ექსპორტი, საწარმოები – რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკაში აპრილში?

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიკონტეინერები პორტში
კონტეინერები პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2024
გამოწერა
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში 2024 წლის აპრილში მნიშვნელოვანი წვლილი დამამუშავებელმა მრეწველობამ და სამშენებლო სექტორებმა შეიტანა.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8 პროცენტი შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი 2024 წლის აპრილში შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
კლების ტენდენცია მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა.
2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
რა რამდენით გაიზარდა
ექსპორტი 2024 წლის იანვარ-აპრილში 10,1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა.
აპრილში საქართველოში დაახლოებით 6,7 ათასი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით 16,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 19,1%-ით და 12,8 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დამამუშავებელ მრეწველობაში ვაჭრობის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან.
ღვინის ექსპორტი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო მინერალური წყლების ექსპორტი -19%-ით.
აპრილში დაახლოებით 4.4-ჯერ გაიზარდა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად ეგვიპტის, უკრაინის და იტალიის მიმართულებით.
სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან.
გარდა ამისა, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი. მათ შორის ცემენტის და კლინკერის იმპორტი გაზრდილია 40-45%-ით, ასევე გაზრდილია ბეტონის და ცემენტის ადგილობრივი წარმოების მაჩვენებელი.
ინფორმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სექტორში ზრდა განპირობებულია კომპიუტერული პროგრამირების შემუშავების, აღნიშნულ სფეროში კონსულტირებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობების გაფართოებით.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების მომსახურების ზრდასთან.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა ავტომობილებით საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაფართოებამ, თუმცა ზრდის მიზეზი იყო ასევე საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და სამშენებლო მასალებით, ასევე საწვავით ვაჭრობის მოცულობების გაფართოებაც.
ყველა ახალი ამბავი
0