ევროპა დუმდა, როცა საქართველოს ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ - პარლამენტის თავმჯდომარე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2024
გამოწერა
საქართველოში „ლიბერალური ფაშიზმის“ გამოვლინების უკან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ლიდერები დგანან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ევროპა დუმდა, როცა საქართველოში, 2012 წლის ხელისუფლების შეცვლამდე, ციხეებში ხალხს აწამებდნენ და ქუჩაში ხოცავდნენ, ახლა ოპოზიციის ლიდერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იქ საკუთარი მფარველები ჰყავთ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი. სადაც ადამიანებს რეცხავდნენ, მეცნიერებს და სხვა გამორჩეულ ადამიანებს და ჩუმად იყო ევროპა. სადაც ადამიანებს ქუჩაში დასდევდნენ, ხოცავდნენ, შემდეგ იწყალებდნენ, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეებში და გაოგნდა ამაზე სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო დარჩა სტრასბურგში და ამაზე ჩუმად იყო ევროპა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა აქტიურობს, მაშინაც ლიდერი იყო.
„ეს ლიბერალური ფაშიზმის რაღაც გამოვლინებები, ეპითეტები, თავდასხმები, გამოჭენება ტელეფონის ნომრების, ოჯახის წევრებზე, შვილებზე შეტევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ თუ დავფიქრდებით, ვინ აკეთებს ამას, ამას აკეთებენ „ენჯეო“ და ოპოზიციის ლიდერები, ეს სიმბიოზი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ანუ, ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს პროევროპული ე.წ. პლატფორმიდან ელაპარაკებიან და მათ თავისი მხარდამჭერებიც ჰყავთ ევროპაში.
„ხომ ვხედავთ, რომ მფარველები და გამომქომაგებლები ჰყავთ. ანუ, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა. ასეთი ევროპისკენ მივყავართ და ჩვენ ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ სხვათა შორის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ამასობაში ევროკავშირი განაცხადეს, რომ ივნისში დაიწყებენ სათანადო ზომების მიღებაზე მსჯელობას, თუ საქართველოში ამოქმედდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამის შესახებ ორშაბათს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
ყველა ახალი ამბავი
0